არჩევნები 2016

MDF: ქართული ოცნების საქმიანობა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტაბულამ და R2-მა გააშუქეს

მედიის განვითარების ფონდმა წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ტელევიზიების პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებების და ონლაინ მედიის მონიტორინგი 1 აპრილი - 31 ივლისს მოიცავს. MDF საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, იმედის, მაესტროს, კავკასიის, ტაბულას, GDS და ტვ ობიექტივის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდებოდა.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის ობიექტმა რვავე ტელევიზიამ საკვლევი სუბიექტებიდან ყველაზე მეტი დრო (34,6%) მთავრობას დაუთმო. ყველაზე დიდი მოცულობით მთავრობა ტვ იმედსა (41,2%) და GDS-ზე (41,1%) გაშუქდა, ყველაზე ნაკლებად - რუსთავი 2 -ზე (25%). ამასთან, მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტაბულამ (27,4%) და რუსთავი 2-მა (25,1%) გააშუქეს, ყველაზე ნაკლებად კი - ტვ ობიექტივმა.

ქართული ოცნების შემდეგ ყველაზე მაღალი გაშუქების მაჩვენებელი 7 ტელეარხზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს (15,5%).

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, ტელეკომპანია ტაბულა პრაიმ-თაიმის საინფორმაციო გამოშვებებში თითქმის თანაბარ დროს უთმობს მთავრობასა (27,7%) და ქართულ ოცნებას (27,4%), რაც ჯამურად - 55,1%-ია. ქართული ოცნების შემდეგ, კვალიფიციური სუბიექტების ხვედრითი წილი მთლიან მაჩვენებლებში (774 სიუჟეტი) შემდეგნაირად გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 18,4%, თავისუფალი დემოკრატები - 5,8%, "რესპუბლიკური პარტია" - 5,4% და "ეროვნული ფორუმი" - 1,3%.

კომენტარები