არჩევნები 2016

შსს-მ და ცესკომ "არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით" მემორანდუმი გააფორმეს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტით ცესკოსა და შსს-ს შორის თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა.

"მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ურთიერთთანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების უსაფრთხო, მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ მემორანდუმზე ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის - ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის. ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის", - განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით კი, ურთიერთგაგების მემორანდუმი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ემსახურება.

"ჩვენი მიზანია 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც თითოეულ მათგანს თავისუფალ გარემოში შეეძლება საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ცესკო და შსს ვაცნობიერებთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს და მისი განუხრელი დაცვის აუცილებლობას და სწორედ დღვანდელი შეთანხმებით ვაპირებთ, რომ აღნიშნული უზრუნველვყოთ", - თქვა თამარ ჟვანიამ.

მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.

კომენტარები