არჩევნები 2016

რატიანი პრემიერის ბრალდებაზე: არანაირი ორგანიზაცია არ შეგვიქმნია

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო ქართული ოცნების ხელისუფლებაა. რატიანმა უარყო პრემიერის განცხადება საქართველოში "სიტუაციის რადიკალიზაციის მიზნით" ენმ-ის შექმნილი ორგანიზაციების შესახებ.

„საქართველოში დესტაბილიზაციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ქართული ოცნების ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. 4 წლის განმავლობაში ისინი პირდაპირ არბევდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როგორც აქციებს, ისე ოფისებს... ალბათ გახსოვთ, როდესაც პირდაპირ პრემიერმინისტრის წაქეზებით 60 ოფისზე მოხდა თავდასხმა. ეს არის ქართული ოცნების სახე - სუს-ის მოგზავნა, აქციების დარბევა, ხალხის მიგზავნა... აი, ეს ქმნის დესტაბილიზაციას. ქართული ოცნება, როგორც ხელისუფლება და როგორც კოალიცია, უბრალოდ აღარ არსებობს. ის არის ჩამოშლილი. უმრავლესობა აღარ არსებობს. მათ შექმნეს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, გააღარიბეს ხალხი და სწორედ ამიტომ, მათ არაფერი არ დარჩენიათ, თუ არა ასეთი აბსურდული, სულელური განცხადებები. არანაირი ორგანიზაცია ჩვენ არ შეგვიქმნია", - ამბობს რატიანი.

დღეს პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა დაასახელა ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც, მისი მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სიტუაციის რადიკალიზაციას ცდილობს.

„უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ქმნიან ორგანიზაციებს, როგორიც არის "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც პირდაპირ აქვს თავის ამოცანად ის, რომ საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინონ, მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები-გამოსასვლელები და ა.შ. ეს ინფორმაცია არის. კანონიერი გზებითაა მოპოვებული. რა თქმა უნდა, არ ვართ ვალდებული, რომ ყველა ინფორმაცია გავამჟღავნოთ. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, სიტუაცია აურიონ საქართველოში", - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები