არჩევნები 2016

კვირიკაშვილი: ენმ სიტუაციის რადიკალიზაციისთვის ორგანიზაციებს ქმნის

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვლავ ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ სიტუაციის რადიკალიზაციას გეგმავს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია კანონიერი გზითაა მოპოვებული.

"ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ აქვს. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების უფრო მაღალი მზადყოფნის სტატუსში გადაყვანას, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები. ეს აუცილებელია. საერთოდ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ კუთხით რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს - ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრებს თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს ოპოზიციური, თუ მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ ემოციები და შეხლა-შემოხლა. სწორედ ამიტომ, გავეცი ბრძანება, რომ იმდენი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყოს ახლო-მახლო, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი ორგანიზაციასაც ასახელებს, რომლის საშუალებითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მისი თქმით, სიტუაციის რადიკალიზაციას ცდილობს.

"უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ქმნიან ორგანიზაციებს, როგორიც არის "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც პირდაპირ აქვს თავის ამოცანად ის, რომ საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინონ, მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები-გამოსასვლელები და ა.შ. ეს ინფორმაცია არის. კანონიერი გზებითაა მოპოვებული. რა თქმა უნდა, არ ვართ ვალდებული, რომ ყველა ინფორმაცია გავამჟღავნოთ. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, სიტუაცია აურიონ საქართველოში", - თქვა კვირიკაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია სურს, ქართული ოცნებაა.

კომენტარები