არჩევნები 2016

ბოკერია: ხელისუფლება საქმის კეთების ნაცვლად, დაკავებულია ბოდვით

ტაბულა

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო თათბირის ჩატარებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება საქმის კეთების ნაცვლად, "დაკავებულია ბოდვით". ბოკერია პროვოკაციების დაგეგმვაში ენმ-ის დადანაშაულებას "ივანიშვილის გუნდის საუკეთესო ტრადიციებს" უწოდებს.

"ამ სიბრიყვეების და ბოდვის ლიდერი ჭიკაიძე იყო, გახსოვთ, ალბათ, საბურავების ამბავი, ამის მერე 9-ჯერ დაიწყეს გამოძიება, ახლა ეს მარიონეტი კვირიკაშვილი მეორე მარიონეტ მღებრიშვილთან ერთად ჩაერთო. ეს ხალხი იმ საქმის კეთების ნაცვლად, რისთვისაც ესენი აირჩიეს, მთელი ეს ოთხი წელიწადი და ახლაც არიან დაკავებული ამ ბოდვით, ახლა არიან შიშში, რომ არჩევნებს აგებენ და აქვთ ილუზია, რომ ეს მეთოდები შეუწყობს ხელს ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს არის ილუზია, ვერ უშველით ვერც ეს, ვერც ვერაფერი, 8 ოქტომბერს ეს მთავრობა წავა, იმიტომ რომ ოთხი წლის განმავლობაში, ამ ხალხმა არ აკეთა საქმე და ამის ნაცვლად, იყო კონცენტრირებული ასეთ მავნებლობაზე", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებმა შინაგან საქმეთა მინისტრისაგან მითითებები მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება. შსს-ს ცნობით, "ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნოდ არეულობას გეგმავს. შს მინისტრის თქმით კი, "რიგი პარტიები" პროვოკაციების მოწყობას აპირებენ.

კომენტარები