არჩევნები 2016

საარჩევნოდ, რეგიონებში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელები ჯგუფებს შექმნიან

facebook.com/miaofgeo

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება. შსს-ს ცნობით, "ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას".

სამინისტროს განმარტებით, ბრძანების მიზანია, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები. ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.

შს მინისტრის სპეციალური ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. გიორგი მღებრიშვილმა ის საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებსა და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს გააცნო. მინისტრმა მათთან სამუშაო თათბირი ვიდეოხიდის მეშვეობით ჩაატარა.

კომენტარები