არჩევნები 2016

ხოშტარია: ამ ხელისუფლებისგან ცინიკურია საუბარი ვინმეს პროვოკაციასა ან ძალადობაზე

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მესამე ნომრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, "ხელისუფლებისგან ძალიან ცინიკურია საუბარი ვინმეს პროვოკაციასა და ძალადობაზე". ხოშტარია შს მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ მათი ინფორმაციით, "რიგი პარტიები" არჩევნების პერიოდში და მის შემდეგ, "გარკვეულ პროვოკაციებს" აპირებენ. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ შს მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელია და მას კარგად უნდა ესმოდეს თავისი პასუხისმგებლობა.

"ამ ხელისუფლებისგან ძალიან ცინიკურია საუბარი ვინმეს პროვოკაციაზე ან ძალადობაზე, თუ გავიხსენებთ და გავითვალისწინებთ, რომ ყველა ძალადობა ოპონენტის მიმართ, უფლებების დარღვევა, დევნა - ეს არის სამწუხაროდ, მათი ხელწერა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვუყურებთ. დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ჩადიან ძალადობას ოპონენტების მიმართ. თუმცა, აქ კიდევ ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი - შს მინისტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის ხელძღვანელი, როგორიც არის პოლიცია, სადაც მუშაობს ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი და ასეთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პოლიტიკაში ჩათრევა პოლიციელების, არის საფრთხე არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიული გნვითარებისთვის. შს მინისტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის პასუხს აგებს ღირსეული პოლიციის არსებობაზე ამ ქვეყანაში, რაც არ მთავრდება ერთი მთავრობით, ეს არის ის, რაც ამაგრებს ამ ქვეყნის ფუნდამენტს ნებისმიერი მთავრობის პირობებში და ამიტომ, კარგად უნდა ატარებდეს ამ პასუხისმგებლობას", - თქვა ხოშტარიამ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა, ქართული ოცნების წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობენ. პარტიის ახალმა სახემ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ენმ არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს. ამის შემდეგ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი განცხადებები პრევენცია იყო.

კომენტარები