არჩევნები 2016

პრემიერი შს მინისტრს: გააკეთეთ ყველაფერი, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მოუწოდა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს. პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

"მინდა, დავავალო შს მინისტრს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია. გამოიყენეთ კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება, გააკეთეთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად - ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს - უპირველეს ყოვლისა, თუ რაიმე ძალადობის რისკი არსებობს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებით. მაგრამ ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომ ისიც იყოს დაცული. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ დღეს ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე" რამდენიმე განცხადება გააკეთეს. პარტიის ახალმა სახემ თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ენმ არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს. ორი დღის წინ კი, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს არ დაუშვებს დესტაბილიზაციის მცდელობას.

კომენტარები