არჩევნები 2016

ხუხაშვილი: ქართული ოცნების ათეული სხვა პარტიებთან შედარებით სუსტია

ტაბულა

ტაბულასთან საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ათეული შეაფასა. მისი თქმით, სამეულთან დაკავშირებით საზოგადოებას პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს, დანარჩენი შვიდი კი პოლიტიკურად გამოუცდელია. მისივე მოსაზრებით, პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო ქართული ოცნების სია სხვა პარტიების სიებთან შედარებით სუსტად გამოიყურება.

"[ქართული ოცნების საარჩევნო სიის] პირველ სამეულთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადი და, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო. მათზე საუბარს, მგონი, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მგონი, საზოგადოებას უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია ამ ადამიანებზე. რაც შეეხება დანარჩენ შვიდეულს, ისინი შეიძლება, ძალიან კარგი ადამიანები არიან და თავისი საქმეც იციან, მაგრამ საჯარო პოლიტიკაში გამოუცდელები. კომუნიკაციის პრაქტიკა საჯარო სივრცესთან - ძალიან სუსტი, ცნობადობა - დაბალი, რაც სხვა პარტიების სიების პირველ ათეულს რომ შევადაროთ, საკმაოდ სუსტად გამოიყურება. ეს მათთვისაც პრობლემატურია იმიტომ, რომ გინდა-არ გინდა, პირველ ათეულს უწევს გარკვეულწილად დებატებში შესვლა სხვა პარტიებთან და ეს შეიძლება, იქცეს მათთვის პრობლემად", - თქვა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. გიორგი კვირიკაშვილი
2. კახა კალაძე
3. ირაკლი კობახიძე
4. თამარ ჩუგოშვილი
5. გიორგი გახარია
6. აკაკი ზოიძე
7. თამუნა ხულორდავა
8. რომან კაკულია
9. სოფო ქაცარავა
10. ირინა ფრუიძე.

კომენტარები