საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა

ენმ: სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა

David Mdzinarishvili / Reuters

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა.

ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის კვალზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოს“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობთ დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა. 

"სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენეს იარაღად, იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან "აგროდაზღვევა“ გამოცხადდა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ააიპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ენმ-ში აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე გაურკვეველია დანაშაულებრივად შემუშავებული სქემით დაზარალებული საგარეჯოს რაიონის მოსახლეობის ბედი და მათ ამ დრომდე არ ანაზღაურებიათ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი ბადაშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორის, ლაშა თორდიას, საზოგადოებას წარუდგინონ ინფორმაცია იმ გამოძიების შესახებ, რომელიც კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის“ სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ამ ორგანოებმა შეისწავლონ "აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლინონ დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცენ ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში.

კომენტარები