არჩევნები 2016

ნარჩემაშვილი: პატრულის რეფორმა მზად იყო, უსახსრობის გამო ვერ განვახორციელეთ

ტაბულა

"პატრულის რეფორმა მზად იყო, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ განვახორციელეთ" - ამის შესახებ ტელეკომპანია პალიტრანიუსის ეთერში ქუთაისში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა. გადაცემა 360 გრადუსის სტუდიაში მყოფმა "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ყოფილ შს მინისტრს ჰკითხა - რა გაუკეთებია, რა რეფორმა გაუტარებია იმ პოსტზე, სადაც შევარდნაძის დროს მუშაობდა. 

"როგორც ჩანს, კარგად არ იცით ჩემი წარსული საქმიანობა. თუ ჩემს ბიოგრაფიას კარგად გადახედავთ, აღმოაჩენთ, რა იყო. ძალიან ბევრი რამე იყო, თუნდაც, დანაშაულის აღრიცხვასთან დაკავშირებით სიახლე, იგივე პატრულის რეფორმა, რომელიც მომზადებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, უბრალოდ, ჩვენ ეს უსახსრობის გამო ვერ განვახორციელეთ და ა.შ. უამრავი. მე ძალიან დეტალურად მექნება ამაზე საზოგადოებასთან საუბარი და ოქტომბერი იქნება ძალიან მკაფიო კატალიზატორი, როგორ შეაფასებს საზოგადოება ჩემს გაკეთებულს", - თქვა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ წარადგინა.

"ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება", - თქვა პრემიერმა.
 

კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა "ვარდების რევოლუციის" შედეგად პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის დროს დატოვა. 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები