მილიონი ხე

მერია: ხეების გახარებაზე პასუხისმგებელია კონტრაქტორი

amerikiskhma.com

პროექტ "მილიონი ხის" ფარგლებში ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის გასწვრივ დარგული ხეების ნაწილის გახმობასთან დაკავშირებით, ტაბულა მერიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ვის ევალება დარგული ხეების მოვლა-პატრონობა და რა ღონისძიებების გატარებას აპირებს უწყება. როგორც მერიაში განგვიმარტეს, მოვლაზე პასუხისმგებლობა კონტრაქტორ კომპანია "გრინსერვის +"-ს ეკისრება. 

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თქმით, ხეები ირწყვება და მათ ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. მერიაში იმედოვნებენ, რომ ხეები გაიხარებს.

"მოვლა-პატრონობა ევალება ჩვენს კონტრაქტორ ფირმას, ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულ გრინსერვის +-ს ერთი წლის ვადით.

მეტყევეებს ჰკითხეთ, როგორ შეიძლება, ორი კვირის ან 1 თვის დარგულ ხეზე თქვათ - გაიხარა ან არ გაიხარა. იქ მორწყვის წვეთოვანი სისტემაა მიყვანილი. ყოველდღე ირწყვება. ხე რომ იზრდება, ადაპტაციისთვის სჭირდება დრო. ჩვენ არ ვამბობთ და არ გვაქვს მოლოდინი, რომ აქ დარგული ხეების 100% გაიხარებს. მსოფლიო სტანდარტით, ამ რაოდენობიდან 20-30% ხმება, მაგრამ არ ველით, რომ ამდენი გაგვიხმება. თუმცა, ამაზე პასუხისმგებელი არის კონტრაქტორი, რომელიც გვარწმუნებს და ჩვენ ყოველდღე გვაქვს მონიტორინგი.

ეს არაჩვეულებრივი საქმეა, რომელიც დაიწყო. ცოცხალ ორგანიზმთან გვაქვს საქმე, მის გახარებას დრო სჭირდება. ოქტომბერს გვეუბნება გრინსერვის+. კონტრაქტორი არის პასუხისმგებელი გახარებაზე. ჩვენ მეტყევეები და კონტრაქტორი გვარწმუნებენ, რომ გაიხარებს, ქალაქის მერია არის დამკვეთი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გაიხარებს",- უთხრა ტაბულას სულხანიშვილმა.

ვაკე-საბურთალოს მაგისტრალის გასწვრივ ახალდარგული ხეები ტაბულამ დღეს გადაიღო.

 

ბოლო მონაცემებით, პროექტ "მილიონი ხის" ფარგლებში თბილისის მერიას 569 000 ხე აქვს დარგული. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, ამისთვის 1 626 000 ლარი დაიხარჯა.

მილიონი ხის დარგვა დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კომენტარები