რელიგია

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის რეგისტრაციაზე რეესტრმა ისევ უარი თქვა

მფრინავი სპაგეტის მონსტრი

საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა ლექსო მაჭავარიანის საჩივარი „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის" სსიპ-ად დარეგისტრირებაზე. რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, "გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი". სააგენტოს განცხადებით, "სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დგინდება „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის", როგორც რელიგიის არსებობა, ასევე არ დგინდება მისი, როგორც საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობის არსებობა, ან მისი არსებობა, როგორც ისეთი რელიგიური მიმდინარეობისა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად".

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის განცხადებით, „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის" სახელწოდებაში გამოყენებული ტერმინი „ავტოკეფალური" წარმოადგენს ეკლესიის ოფიციალურ ტერმინოლოგიას, "რომლის იურიდიული პირის სახელწოდებაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით".

ლექსო მაჭავარიანი ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლის თანახმად, "იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად“.

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესია რელიგიად მიჩნეულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთსა და ჰოლანდიაში.

რეესტრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც "ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას საქართველოში საქართველოს ეკლესიის თანაბრად აქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს საკუთარი სიმბოლიკა, ტერმინოლოგია, საღვთისმსახურო პროდუქცია."

ეს განჩინება, საკონსტიტუციო სასამართლომ 2002 წელს გამოსცა, როდესაც რელიგიური ორგანიზაციის „მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოშის" წარმომადგენელი ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩიოდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონკორდატში "საუბარია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და არა ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობის ოფიციალური ტერმინოლოგიის და სიმბოლიკის გამოყენებაზე, ასევე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე...

ვინაიდან სადავო ნორმაში გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია, აქ საუბარია მხოლოდ მათი გამოყენების, დამზადების, შემოტანის თუ მიწოდებისათვის სახელმწიფოს ლიცენზიის აუცილებლობაზე ეკლესიასთან შეთანხმებით. ეს ბუნებრივია, არ გულისხმობს ასეთი ლიცენზიის აუცილებლობას სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ მათი ტერმინოლოგიის თუ სიმბოლიკის გამოყენებაზე. ანუ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას საქართველოში საქართველოს ეკლესიის თანაბრად აქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს საკუთარი სიმბოლიკა, ტერმინოლოგია, საღვთისმსახურო პროდუქცია. ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საღვთიმსახურო პროდუქციის (ნივთების და სხვა) გარეგნული მსგავსება არ ნიშნავს მათ სრულ იდენტურობას. ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას უფლება აქვს თავისუფლად (შეუზღუდავად) აწარმოოს და მიაწოდოს საკუთარი საღვთიმსახურო პროდუქცია იმ აუცილებელი პირობით, რომ აღნიშნულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილების აღმნიშვნელი დასახელება, რაც იქნება იმის განმსაზვღრელი, რომ ეს პროდუქცია არ არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო პროდუქცია და შესაბამისად არ საჭიროებს არავითარ ლიცენზიას, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლის მოთხოვნებთან."

კომენტარები