რეკლამა

ეროს რამაზოტი თბილისშია - Check in Georgia - საქართველო მსოფლიო კალენდარზე

საქართველოს კულტურის სამინისტრო

23 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მომღერალ ეროს რამაზოტის თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი.

ეროს რამაზოტი: "ეს კონცერტი მინდა მივუძღვნა დიდი მაესტროს - პრინცის ხსოვნას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკის სფეროს განვითარებაში და ძალიან გული დამწყდა, რომ ასე ადრე გარდაიცვალა. ჩემთვის დიდი პატივია, პროექტ „Check in Georgia“ -ს გახსნა, რომელშიც ძალიან ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ვხედავ, რომ ქვეყანას განვითარების და ცნობადობის ამაღლების სურვილი აქვს. იმედი მაქვს, დადებით წვლილს შევიტან ქვეყნის პოპულარიზაციის პროცესში. ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები მაყურებლისთვის. მართალია, იტალიურად ვმღერი და შეიძლება ბევრისთვის არ იყოს გასაგები ეს ენა, მაგრამ იმედი მაქვს, მაყურებლების გულებამდე მივაღწევ."

მიხეილ გიორგაძე: "ჩამოვიდა მუსიკოსი, რომლის კონცერტითაც იხსნება პროექტი „Check in Georgia”. ამ დონის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შოუ ჯერ არ ყოფილა საქართველოში. გარდა მუსიკალური მხარისა, სანახაობრივი კუთხითაც გამორჩეული საღამო ელოდება მაყურებელს."

ანტონიო ბარტოლი: „აქ წარმოდგენილი ვარ, როგორიც რამაზოტის გულშემატკივარი და როგორც - ელჩი. ეროსის აქვს სიმღერები, რომლებიც ჩენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან არის დაკავშირებული. როგორც ელჩს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგად ქვეყანას სპორტსმენები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანი ადამიანები წარმოაჩენენ. ეროსის ცხოვრების ისტორია ძალიან საინტერესოა, პერიფერიაში დაიბადა, გახდა მსოფლიო ვარსკვლავი და მილიონობით ალბომი აქვს გაყიდული."

24 აპრილს, სპორტის სასახლეში მსოფლიოში ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით "The Perfetto World Tour“ წარდგება.

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან "Perfetto” - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით,  მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: "Terra Promessa“, "Più Che Puoi“, "Cose Della Vita“, "Più Bella Cosa“, "Adesso Tu“, "Se Bastasse Una Bella Canzone“ და სხვა სიმღერები. 

კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ეროს რამაზოტის შოუს ხელმძღვანელობს ლუკა ტომასინი, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია მსოფლიოს უსმხვილეს საპროდიუსერო კომპანიებთან, ასევე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორც არის მადონა. ტურის პროდიუსერია მაურიციო სალვადორი "Trident Music“, მხარდამჭერები: "Trentino“ ,“Radio Italia”; ოფიციალური გადამზიდი - "Meridiana“. კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში;

ეროს რამაზოტი: "არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში.“

ეროს რამაზოტი ჯგუფის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივად ახერხებს კლასიკური რეპერტუარის შერწყმას თანამედროვე მუსიკასთან. მისი ბენდი დაკომპლექტებულია ნიჭიერი მუსიკოსებით მთელი მსოფლიოდან; მათ შორის არიან: ლუკა სკარპა (პიანინო), ჯოვანი ბოსკარიოლი (კლავიში), ჯორჯო სეკო (გიტარა), თომას პრიჯენი (დასარტყამი ინსტრუმენტი), პაოლო კოსტა (ბასი), ჯო ლედერი (საქსოფონი), კრისტიან პესკოტა (პრესკუსია), მონიკა ჰილი და რობერტა მონტანარი (ბექ-ვოკალისტები) და ლეგენდარული გიტარისტი ფილ პალმერი, რომელიც სხვადასხვა დროს ბობ დილანთან, ფრენკ ზაპასთან და რობი უილიამსთან თანამშრომლობდა.

ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის "Check in Georgia” ფარგლებში იმართება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. "Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.

საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

კომენტარები