პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა

საია: მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პროკურატურას

ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას ეხება, პროკურატურამ გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობის დარღვევაა.

„2016 წლის 16 მარტს მოქალაქე ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. გასაუბრების ოქმში დაფიქსირდა, რომ პირადი მიმოწერის გავრცელებაში შესაძლებელია, იკვეთებოდეს შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის ბრალეულობა. 21 აპრილს, ეკატერინე მიშველაძე დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში, სადაც გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა",- წერია საია-ს განცხადებაში.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირადი მიმოწერა სწორედ მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გავრცელდა.

„საია მიიჩნევს, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს-სთვის გადაცემა იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებას პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება",-აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს შსს-ს და პროკურატურას, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საქართველოს პროკურატურას.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ეკატერინე მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საქართველოს პროკურატურას", - აცხადებს საია. 

კომენტარები