ხელისუფლება და მედია

ქარტია: ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღება გართულდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და ხელისუფლებისა და მედიას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას სთხოვს. მიმართვის გადაწყვეტილება ქარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მას რამდენიმე მედიამ მიმართა. ჟურნალისტები ჩივიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათგან კომენტარის მიღება გართულებულია.

"მიმდინარე წელს ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში სხდომათა დარბაზთან მინისტრების ჩაწერა აეკრძალათ. მართალია, მათთვის ცალკე მოეწყო მედიაცენტრი, თუმცა, იქ მინისტრი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჩადის და არ არის ვალდებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხოს. სხდომათა დარბაზი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ კრიტიკული და არასასურველი კითხვები დაესვათ მინისტრებისთვის", - წერია მიმართვაში.

ქარტია პრემიერმინისტრს გასული ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თუ მათზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტსაც ახსენებს, რომლებიც კვლავ გამოუძიებელია.

"საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე კარიკატურის გამოქვეყნებას მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, ჯავიდ გურბანოვის მხრიდან ზეწოლა და მუქარა მოჰყვა;

2015 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთში შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ადგილობრივ კორესპონდენტს;

2015 წლის 15 სექტემბერს, პრემიერის გურიაში ვიზიტისას ტელეკომპანია “მაესტროს” რეპორტიორს მის მიერ დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ახსნა-განმარტებები მოსთხოვა;

2015 წლის 1 სექტემბერს, ქედაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;

2015 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე “არა ეკლესიის დისკრედიტაციას” ონლაინ გამოცემა “ფოსტალიონის” ჟურნალისტს, ვახო კვარაცხელიას აქციაში მონაწილე გიორგი გაბედავამ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა;

2016 წლის  იანვარს "ტაბულას“ ჟურნალისტებს რესტორან „ჭაშნაგირში“ რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო;

2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას. მათი ცნობით, “ლიბერალის” ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა", - წერს ქარტია მიმართვაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრემიერმინისტრს რამდენიმე თხოვნით მიმართავს:

"- როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის წევრებს შეახსენეთ, რომ ვალდებულნი არიან მედიასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია მაშინაც, როცა არ მოსწონთ რომელიმე მედიასაშუალება, ჟურნალისტი ან მათ მიერ დასმული კითხვები. გამოიჩინონ პატივისცემა და გაანალიზონ, რომ მედიის საშუალებით საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან;

- მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები ჩავიდნენ მედიაცენტრში და კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხონ მათ;

- უზრუნველყოფილი იყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

- გამოიყენეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, გამოძიების შედეგები კი აცნობონ საზოგადოებას, რათა მოქალაქეებისთვის ცნობილი იყოს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა კანონით ისჯება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 154-ე მუხლი რეალურად მუშაობს.
შეიქმნას ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში;

- ბატონო პრემიერმინისტრო, დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გესმით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია და მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ მთავრობასა და მედიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე", - ნათქვამია ღია წერილში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გარდა, განცხადებას უერთდებიან სხვა ორგანიზაციები და არაწევრი ჟურნალისტებიც.

კომენტარები