აზერბაიჯანი: ცეცხლს შევწყვეტთ, თუმცა, თავდასხმის შემთხვევაში თავს დავიცავთ

AFP

აზერბაიჯანი მზად არის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების ცალმხრივად შესაწყვეტად. თუმცა, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს არ სურს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი ალიევის განცხადებას "საინფორმაციო ხაფანგი" უწოდეს.

სომხური მხარის უკანასკნელი ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში 30 სამხედრო დაიღუპა, მათგან 18 ეთნიკური სომეხი და 12 - აზერბაიჯანელი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით კი, ის იძულებული იყო, თავი დაეცვა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები