სააკაშვილი: ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის

Reuters

რუსეთი ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის ხელშეწყობით, რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს, მათი მიზანია აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსების მარაგებზე გავლენის მოპოვება, ეს ეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების ხელში ჩაგდებას, რისი აშკარა მცდელობაც რუსეთს 2008 წლის ომშიც ჰქონდა, შედეგად კი რუსეთი ევროპის ალტერნატიული ენერგომომარგების დერეფანზე მოიპოვებს გავლენას, - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook-ში წერს.

"მინდა ერთი განცხადება გავაკეთო: ცხადია, რომ კონფლიქტის გამწვავება არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის ინტერესში არაა, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ აშკარად რუსული პროვოკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც თავისთავად სომხეთისთვისაც საზიანოა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რუსეთი აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სუსტი საგარეო პოლიტიკას გამოიყენებდა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებას შეუწყობდა ხელს. მოსკოვი ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისთვის უკვე აშკარად დიდი ხანია ემზადებოდა. რუსეთი აქტიურად აწვდიდა შეიარაღებას ორივე დაპირისპირებულ მხარეს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის მიერ დაღესტანში ახალი სამხედრო გზის აშენება, რაც პრაქტიკულად ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დროს აზერბაიჯანისკენ უმოკლესი გზა იქნება. 

რუსეთი ამ კონფლიქტის წამოწყებით რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს, მათი მიზანია აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსების მარაგებზე გავლენის მოპოვება, ეს ეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების ხელში ჩაგდებას, რისი აშკარა მცდელობაც რუსეთს 2008 წლის ომშიც ჰქონდა, შედეგად კი რუსეთი ევროპის ალტერნატიული ენერგომომარგების დერეფანზე მოიპოვებს გავლენას. რუსეთის ასეთი მოქმედება აზერბაიჯანის დამოუკიდებელ მთავრობას ილჰამ ალიევის მეთაურობით ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებს. რუსეთი ამ შემთხვევაში ძლიერ ზეწოლას საქართველოზეც მოახდენს. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ამჟამინდელი პრორუსული მთავრობა "ქართული ოცნების" მეთაურობით სავარაუდოდ ჩამოიშლება და ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს. კიდევ ერთ მიზანს თურქეთი წარმოადგენს, ანკარა იძულებული გახდება, რომ ორ ფრონტზე ომში ჩაებას.

მე ამ საფრთხეების თაობაზე მრავალ დასავლელ და რეგიონალურ ლიდერს წლების მანძილზე ვაფრთხილებდი. ვფიქრობ, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში ყველა მხარემ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ჩვენ ყველამ უნდა მოვიცადოთ, სანამ პუტინის გავლენა არ შესუსტდება და შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკებები რეგიონალურ საკითხებზე." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა.

კომენტარები