პრემიერი კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დეესკალაცია უახლოეს მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხდება.

"გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად."- წერია მთავრობის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები