აზერბაიჯანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ცალმხრივად შეწყვეტას იუწყება

geopoliticalreview.org

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებს ცალმხრივად წყვეტს - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება იუწყება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების გათვალისწინებით მიიღო. 

„იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ შეწყვეტენ პროვოკაციულ ქმედებებს და განაგრძობენ დასახლებული პუნტების და საბრძოლო პოზიციების მიმართულებით სროლას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ შეტევით ოპერაციას ყველა საბრძოლო საშუალების გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ბრძოლები შეჩერდა, თუმცა წუხანდელი ღამის განმავლობაში ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე სროლის ხმა კვლავ ისმოდა. სხვადასხვა ინფორმაციით, ორივე მხარე მძიმე არტილერიას იყენებდა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები