მთიან ყარაბაღში წუხელ ღამით ისევ სროლის ხმა ისმოდა

AFP

მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ბრძოლები შეჩერებულია, თუმცა წუხანდელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე სროლის ხმა კვლავ ისმოდა. სხვადასხვა ინფორმაციით, ორივე მხარე მძიმე არტილერიას იყენებდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას მხარეები კვლავ ერთმანეთს აბრალებენ.

მხარეები მოწინააღმდეგისთვის მიყენებულ ზიანსა და მსხვერპლზე განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ, თუმცა, შაბათის ბრძოლებმა, სულ მცირე, 30 სამხედრო იმსხვერპლა. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ.  სომხეთის ცნობით, შაბათს ბრძოლებში 18 ეთნიკურად სომეხი სამხედრო დაიღუპა, რაც ბოლო ოცწლეულში ყველაზე დიდი მსხვერპლია. აზერბაიჯანის ცნობით, მას 12 სამხედრო დაეღუპა.

კვირა დღეს სროლების შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები