ასწლოვანი ხეები

ციხისძირიდან ორ კვიპაროსს ზღვის გავლით გადაიტანენ

ასწლოვანი ტიტა შავ ძღვაში
შოთა გუჯაბიძე

ციხისძირიდან შევეთილში კიდევ ორი ხის გადატანა იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

კვიპაროსები ხე ტიტას მსგავსად ურეკში მშენებარე საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე უნდა დაირგოს, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ხეების გადარგვისა და ტრანსპორტირების მეთოდი იგივე იქნება, კვიპაროსების გატანაც ზღვის გავლით იგეგმება.

კომპანია ზიმოს წარმომადგენლის, ირაკლი შანავას განმარტებით, დარჩენილი ორი ხის გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, თუმცა, გადატანის ზუსტი დრო ჯერ ცნობილი არ არის. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას აპირებენ იმის თაობაზე, თუ როდისთვის დაგეგმონ გადარგვის სამუშაოები, რათა მცენარე არ გახმეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, გიგანტური ჯიშის 100-წლოვანი კვიპაროსების გადატანა მას შემდეგ მოხდება, რაც ასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილს მიაღწევს.

„ასწლოვანი ტიტა დანიშნულების ადგილამდე ჯერ ვერ მიიტანეს. მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, სავარაუდოდ, დაიწყება 2 კვიპაროსის გადასატანად შესაბამისი სამუშაოები,“ - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისი თქმით, ორივე კვიპაროსი ლენტით არის შემოვლებული და ხეებთან მისასვლელი გზის მშენებლობაც დაწყებულია.

 

კომენტარები