ქორწინება

ბოკერია ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს რუსული თამაშია

ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ტაბულას გადაცემა თეორემაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას რუსული თამაში უწოდა. ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებოლი მძიმე ეკონომიკური ვითარების გადაფარვას ცდილობს და ოპონენტების დემონიზება სურს. 

"ეს არის რუსული ნარატივი. თითქოს თავისუფალი სამყარო და დასავლეთი გვიტევს, ოჯახს და ტრადიციულ ღირებულებებს ებრძვის და გვთხოვს ქორწინების რეგულაციების შეცვლას და ამიტომ უნდა დავიცვათ თავი. ეს არის, პირველ რიგში, სრული სიცრუე. ოჯახის კონსერვატიული ტრადიციები სწორედ რომ თავისუფალ სამყაროშია დაცული. რუსეთი კი არის მაგალითი, ამ თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობის. ვგულისხმობ უმძიმეს მდგომარეობას დანაშაულის თვალსაზრისით, მაგალითად, საბავშვო პორნოგრაფიას. რუსეთში ამ თვალსაზრისით მართლაც ჯოჯოხეთია. თავისუფალი სამყაროში ბევრად უფრო დაცულია ადამიანის ღირსება და თუნდაც ტრადიციული ღირებულებები მათთვის, ვინც ამ ღირებულებების ერთგულია. პარადოქსულია, მაგრამ რუსეთი სწორედ ამით ცდილობს დასავლეთის დემონიზებას.

არაერთ ევროპულ ქვეყანაში ეს არის ისევე რეგულირებული, როგორც საქართველოშია და მისი ცვლილების საკითხი საერთოდ არ დგას. ჩვენთან სამოქალაქო კოდექსით ქორწინების საკითხი არის განსაზღვრული და არავინ ახდენს ზემოქმედებას საქართველოზე, რომ ის შეცვალოს. ოპოზიციაში რომ იყო ეს მთავრობა, მაშინაც ამას ცდილობდა და ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ახლაც ამ რუსული თამაშის თამაშს აგრძელებს. მათ სურთ გადაფარონ ის უმძიმესი ვითარება ქვეყანაში, რომელიც არის ეკონომიკური თვალსაზრისით, პირველ რიგში. შევიდნენ ნარატივში, რომელიც რუსეთს აწყობს. სურთ მოგონილი პრობლემით პატრიოტიზმი დაუმტკიცონ ქვეყანას. ეს არის სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიბინძურე, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია. ახალმა პრემიერმინისტრმაც გადაიბარა ეს კელაპტარი, წინა პრემიერისგან, რომელიც ამაზე საუბრობდა და ახლა ამ ინიციატივით შემოვიდა", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ გადაცემის ავტორისა და წამყვანის კითხვას, როგორია მისი პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, უპასუხა:  

"ჩვენს პარტიაში არის აბსოლუტური კონსენსუსი იმაზე, რაც უკვე გითხარით:  ეს არის რუსული თამაში, რომ ეს მოგონილი საკითხია, იმიტომ, რომ ქორწინების საკითხი გარკვეულია ჩვენს კანონმდებლობაში და ამ საკითხის შეცვლა დღის წესრიგში არ დგას. კონსენსუსი არის იმაზეც, რატომ აკეთებს ამას მთავრობა, - კერძოდ საკუთარი მავნებლური პოლიტიკის შედეგების გადასაფარად ეკონომიკისა და ყველა მიმართულებით. მათი მიზანია ასევე ოპონენტების დემონიზება, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ პოლიტიკური ოპოზიცია.

არის აზრთა სხვადასხვაობა შემდეგ საკითხზე: რა უფრო წაადგება მთავრობისა და პრორუსული ძალების ამ მცდელობის განეიტრალებას. ეს საკითხი რომ დადგება, მისცენ ხმა თუ არა. ჩემი პირადი პოზიცია ძალიან მკაფიოა, რომ ამ თამაშში საერთოდ არ ღირს შესვლა. იმიტომ, რომ მთლიანად რუსული თამაშია, რომელიც მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და არის აგებული სიცრუეზე. ირაკლი ალასანია რასაც ამბობს, არამგონია ამას რომელიმე ჩვენგანი ეთანხმებოდეს, რომ კარგია, რომ ეს მოხდება და გაანეიტრალებს. არა, ის რომ ამ თამაშში შეგვიყვანა მთავრობამ ეს უკვე ცუდია და პირიქით, ჩემი აზრით, ამ თამაშში შეყოლა კიდევ უფრო გააძლიერებს პრორუსული ძალების მოგონილ, ბინძურ ნარატივს. იტყვიან, რომ აი რადგან ამას მხარს უჭერთ, ე.ი თავის დაცვა მართლაც გვჭირდება დასავლეთისგან. ზოგიერთ დეპუტატს შესაძლოა ეგონოს, რომ ხელისუფლება უფრო ადვილად შეიყვანს შეცდომაში საზოგადოებას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ინიციატივას ხმას არ მისცემენ. ამ პოზიციას პირადად მე არ ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ საერთოდ არ არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალის პრინციპებისთვის ამ თამაშში შესვლა", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები