ქორწინება

ალასანია: ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა რუსულ პროპაგანდას შეამცირებს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი ფრაქცია პარლამენტში მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ქორწინებად ქალის და მამაკაცის კავშირი განისაზღვროს. ალასანიას მტკიცებით, ამას "რუსული პროპაგანდის შესამცირებლად" აკეთებენ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში აღნიშნა, რომ ეს ევროპის მიმართ ნიჰილიზმს შეამცირებს. ამასთან, ალასანიას შეფასებით, არჩევნების წინ ამგვარი თემის წამოწევა პოლიტიკური მოტივის ეჭვს აჩენს.

"ჩვენ ვთვლით, რომ კანონით აბსოლუტურად სწორად არის დარეგულირებული დღეს საქართველოში და ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი. როდესაც ამ თემის შემოტანა ხდება წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მიერ, ბუნებრივია, აქ ყველას გვიჩნდება ეჭვი - რატომ აკეთებ ამას ახლა. რატომ გახდა ეს აქტუალური დღეს და, ბუნებრივია, შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური, საარჩევნო მოტივები არსებობს. მეორეს მხრივ, თუ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის დღევანდელ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი კანონში ასახული, მე რომ ვხვდები ხალხს, ხშირად, ჩემდა გასაკვირად, როდესაც სოციალურ თემებზე ვლაპარაკობ, მამაჩემის თაობის ადამიანებს, მამაჩემის მეგობრებსაც, წამოუწევიათ ეს თემა - კაცო, ეს ევროპა რას გვიშვება. მართლა გვთხოვენ ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას? ეს ხომ, რა თქმა უნდა, არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მე ვთვლი და თავისუფალი დემოკრატები ვთვლით, რომ თუ კონსტიტუციაში ეს აისახება, ამით წერტილი დაესმება ასეთ სპეკულაციებს. ამიტომაც, თუკი ეს საკითხი გავა პარლამენტში, თავისუფალი დემოკრატები დაუჭერენ ამას მხარს. ეს ხელს შეუწყობს რუსული პროპაგანდის გავლენის შემცირებას. რუსულ პროპაგანდას გამოეცლება საფუძველი, რომ კიდევ მეტი ნიჰილიზმი შეიტანოს საზოგადოებაში ევროპის მიმართ, მას ამ საფუძველს წავართმევთ. ამიტომ, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება შევა პარლამენტში, ჩვენ მხარს დავუჭერთ", - განაცხადა ალასანიამ არჩევანში.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. მისივე თქმით, ამას არ ეთანხმებიან რესპუბლიკელები, თუმცა, მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

კომენტარები