2008 წლის აგვისტოს ომი

ბასტრიკინი: ჰააგის სასამართლომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა

РИА Новости

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბასტრიკინი Российская газета-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს იძიებს, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ბასტრიკინის აზრით, გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლომ თვალი დახუჭა ქართველი სამხედროების მიერ ოსი ხალხის წამებაზე. მისი თქმით, მას სურს, ჰააგის სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებოდეს, მაგრამ გარკვეული ფაქტორების გამო, ეს შეუძლებელია.

"ამ სასამართლომ უნდა გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც წინასწარი დასკვნებით, ჩაიდინეს არა საქართველოს შეიარაღებული ძალების, არამედ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ეთნიკური ქართველები წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ სასამართლომ საქმის მიმდინარეობა თავდაყირა დააყენა", - აღნიშნა ბასტრიკინმა.

ბასტრიკინის თქმით, სასამართლო ასეთ დასკვნამდე მას შემდეგაც კი მივიდა, რაც რუსეთმა მას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უტყუარი მტკიცებულებები გადასცა.

როგორც ბასტრიკინი ფიქრობს, ჰააგის სასამართლომ 2008 წლის მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა, კერძოდ, 2008 წლის ომს რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი უწოდა, რომელშიც რუსეთი მართავდა სამხრეთ ოსეთის მთავრობის ქმედებებს. ეს კი გამოძიებას არასწორ მიმართულებას აძლევს.

ბასტრიკინის თქმით, რუსი გამომძიებლების მიერ გამოძიების ჩატარებისას არცერთი ისეთი მონაცემი არ გამოკვეთილა, რომელიც მსგავს სამართლებრივ შეფასებას მისცემდა აღნიშნულ საქმეს.

მისივე თქმით, რუსეთის ოპერაციის მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, იქ მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვა იყო.

"ჩვენ ამგვარ ქცევას რუსეთის კონსტიტუცია გვავალდებულებდა. თუ ჩვენ ამ მოვლენებს 1949 წლის ჟენევის კონვენციის ფარგლებში განვიხილავთ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების სამართლებრივ რეჟიმებს არეგულირებს, ლოგიკური იქნება, თუ 2008 წლის აგვისტოს ომს არ მივანიჭებთ საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის სტატუსს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ შეირაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებამდე გაცილებით ადრე, 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის მთავრობაზე რუსეთს გავლენა ვერ ექნებოდა", - დაამატა ბასტრიკინმა.

ბასტრიკინის თქმით, ქართველი სამხედროების იარაღით მომარაგებასა და მათ მომზადებას აშშ აფინანსებდა.

კომენტარები