ბოკერია: გაზპრომთან მოლაპარაკება არის ქვეყნისთვის ლახვრის პოტენციური ჩაცემა

გაზპრომთან მოლაპარაკება არის ქვეყნისთვის ლახვრის პოტენციური ჩაცემა. რა თქმა უნდა, მტერსაც უნდა ელაპარაკო, თუ შენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური, ამას მოითხოვს. ოღონდ ამის შემდეგ მოდის წყება საკითხების: უნდა გესმოდეს, რომ მტერს ელაპარაკები. სისულელეა, როცა ლაპარაკობ, რომ მთელი ევროპა ყიდულობს გაზპრომისგან გაზს და ჩვენც რომ ვიყიდოთ, რა მოხდაო. ჯერ ერთი, მთელი ევროპა ცდილობს, გაზპრომზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, ძლივს დაინახეს, პუტინი რამხელა ხიფათის შემცველია. ამასთან, ევროპა არის უზარმაზარი და იქ შემაკავებელი ფაქტორი არსებობს - რუსეთი ევროპას გაზს ვერ გაუთიშავს ასე მთლიანად, თუმცა, ის მაინც აშანტაჟებს და პრობლემებს უქმნის ევროპას. ჩვენთან შეუძლია, ბევრად უფრო თავხედურად იმოქმედოს. ევროპა დიდი შემოსავლის წყაროა, ჩვენს შემთხვევაში, ასე არ არის. თან, ხომ გვახსოვს 2006 წელი, როდესაც დატოვეს მთელი საქართველო ყინვაში, აზერბაიჯანი რომ დაგვეხმარა, მთავრობამ რომ იმოქმედა და ამის შემდეგ ვცდილობდით, შეგვემცირებინა გაზპრომზე დამოკიდებულება და ბოლოს დამოკიდებული გავხდით მხოლოდ ტრანზიტის გაზით, რომელსაც სომხეთში ატარებდა რუსეთი. ახლა კი ტყუილები, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები და მიზეზები გვითხრეს. ახლა ირკვევა, რომ ეკონომიკურად წამგებიან ვითარებას ვიღებთ. აკეთებენ კონტრაქტს და გაზის ნაცვლად ვიღებთ ფულს და იმ ფულით შეგვეძლება ყიდვა ბევრად ნაკლები გაზის. თან ეს გაზი უნდა ვიშოვოთ. აქ უკვე იწყება გამართლება მეორე ჭირის, რომ სად უნდა ვიყიდოთ ეს გაზი? რუსეთში უნდა ვიყიდოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ანუ, მთავრობა იტყუება, ამ ხალხს აქვს პოლიტიკური დავალება მაამებლური რუსეთის. ეს ხალხი არიან მაამებლები, ჩვენი ინტერესების არდამცველები, არაკომპეტენტურები და მატყუარები. ესენი ყველანი ერთად უნდა გავუშვათ, რაც შეიძლება, სწრაფად. 

ერთიანი ნაციონალური მოძაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები