პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას საქმეზე თბილისის პროკურატურაში შეხვედრა მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში კუჭავას ცოლი ადვოკატებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან, მაია ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა.
მაია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საგამოძიებო მოქმედებებში მისი ჩართვის საკითხი იქნება. კერძოდ, მას მანქანის დათვალიერება სურს. ასევე, კუჭავას ადვოკატები მოითხოვენ განმარტებებს, თუ რატომ მივიდა პროკურატურის მთავარი მოწმე დავით პოპოვი ადვოკატებთან შეხვედრაზე სპეციალური პერანგითა და ფარული კამერით.
"საფუძვლიანი ეჭვია, რომ სუს-ის განყოფილებაში აღჭურვეს, რადგან მას ეცვა სპეციალური პერანგი, რომლის ყველა მაღაზიაში შეძენა შეუძლებელია. ეკეთა სპეციალური აღჭურვილობა. მე მოვითხოვ, მოატანინონ თვითონ პოპოვს ეს პერანგი და აღჭურვილობა", - განაცხადა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ. აღსანიშნავია, რომ გამოძიების ვერსიით, კუჭავამ თავი პოპოვის მანქანაში მოიკლა.
"დასაბუთებული ვარაუდია და მიგვაჩნია, რომ ბატონი ბიძინა კუჭავას მხრიდან გამორცხულია ვახტანგ ქირია მკვლელობა. ასევე, გარკვეული ეჭვები გაგვაჩნია, რომ მას სიცოცხლე თვითმკვლელობით სიცოცხლე არ დაუსრულებია", - ამბობს ადვოკატი გია გოროზია.
კუჭავას ოჯახის წევრებსა და გამომძიებლებს შორის შეხვედრა პროკურატურაში 14:00 საათზე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა. კუჭავამ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს-ს ცნობით, კუჭავამ თავი პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ მოიკლა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე გავიდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით, მათივე თქმით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონი რუსთავში, გამვლელმა იპოვა. მისი ცხედარი 16 იანვარს, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.





