ბოკერია Gazprom-ზე: ეს მავნებლური რეჟიმი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ გვეყოლება

დღეს გავიგეთ ამბავი და თუ ეს დადასტურდა, რომ ხელი აიღეს გაზპრომის წილის გაფართოებაზე ჩვენს ენერგობაზარზე, ეს კარგი შედეგია, ეს არის გამარჯვება ჩვენი საზოგადოების. მაგრამ ისიც კი, რომ ასეთი თავხედური მცდელობა იყო, ასე გაუმჭვირვალედ, ასე წინააღმდეგობრივი გზავნილით, ამდენი ტყუილით და სიცრუით, ეს მოითხოვს კითხვებზე პასუხებს. და რაც მთავარია, ჯერ კიდევ გვესმის განცხადებები, რომ უნდა იქნას გადახედილი ის ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა, როცა ჩვენ ვიღებდით არა ფულს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე საერთაშორისო სატრანზიტო შეთანხმებისას, არამედ პირდაპირ გაზს, რაც არის საქართველოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ძალიან მომგებიანი, ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე - პრაგმატულად მომგებიანი. და ახლა, მხოლოდ იმიტომ, რომ გაზპრომმა მოგვთხოვა, უნდა შევცვალოთ ეს ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის ჩვენი ინტერესების ღალატი, ესეც კი, თავი რომ დავანებოთ დიდ საკითხს - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის გაზპრომით ჩანაცვლებისა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვისმინოთ ამაზე პასუხები და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ გვყავდეს ეს მავნებლური რეჟიმი, რომელიც ყოველდღე ახალ-ახალ ნაღმებს გვიდებს ან ცდილობს, რომ მეტი ნაღმი დაგვიდოს. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ამ ხელისუფლებას ქვეყნისთვის, იმ თვეების განმავლობაში, რაც მათ დარჩათ ხელისუფლებაში ყოფნისა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები