ტრანსპორტი

2015 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი
facebook.com/AirportsGeorgia
2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.57%-ით (252 492 მგზავრით) არის გაზრდილი. მგზავრების რაოდენობასთან ერთად 6.6%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაც, სულ გასულ წელს საქართველოს 123 364-მა რეისმა გადაუფრინა. 4.5%-ით გაზრდილია რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობაც.
 
რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით (271 784 მგზავრით) აღემატება 2014 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა, რაც 5.91%-ით (12 635 მგზავრი) აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს. 232%-ით (3122 მგზავრით) არის გაზრდილი 2015 წელს მესტიის აეროპორტის მიერ მიღებულ მგზავრთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის აპრილიდან „Wizz Air Ukraine"-ის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, დროებით შეფერხებული იყო საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები (182 954 მგზავრი) გადაიყვანა. აღნიშნული კლების შესამცირებლად სხვადასხვა ავიამიმართულების დამატების მიზნით აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები.

კომენტარები