ელოშვილი: თუ ირანულ გაზს ვიყიდით, მაშინ ტრანზიტის საფასურს Gazprom-ს გადავუხდით

energynews.ge

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, რომ თუკი საქართველო ირანულ გაზს იყიდის მას ფინანსური ვალდებულებები Gazprom-ის წინაშე წარმოეშვება. Gazprom-ისთვის ვალდებულებათა წარმოშობის მიზეზი ტრანსპორტირების საფასურია, რადგანაც მილსადენები, რომლითაც ირანული გაზი საქართველოს უნდა მიეწოდოს Gazprom-ს ეკუთვნის.

"ირანიდან რომ შემოვიდეს გაზი უნდა გაიაროს სომხეთის ტერიტორია და 700 მილიმეტრიანი მილსადენი. ამ მილსადენს ფლობს Gazprom-ის შვილობილი კომპანია და შესაბამისად ინფრასტრუქტურაც მათია. თუ ირანიდან მივიღებთ გაზს, ტრანზიტის საფასურის გადახდა მოგვიწევეს Gazprom-ისთვის. საქართველოს საშუალება აქვს ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ირანიდან. ჩვენ სამივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც იქნება მიზანშეწონილი, გონივრული ჩვენი ეკონომიკისთვის, რაც არ დააზიანებს ურთიერთობებს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებთან, ამ სამეულიდან უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. არ უნდა გავხდეთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. ენერგოდამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა იქნება, არ არის მიზანშეწონილი. რაც უფრო დივერსიფიცირებულია, მით უკეთესი. სამინისტრო გაძლევთ პირობას, ჩვენ ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას და პოლიტიკურ მდგომარეობას."- ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

Socar Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ ის ვერ გააკეთებს კომენტარს საქართველო-ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რადგანაც ამ კითხვებს პასუხი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მამედოვი ამბობს, რომ ქართული გაზის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 10%-ით იზრდება და აზერბაიჯანულ მხარეს ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია. 

"საქართველოსა და ირანს შორის მოლაპარაკებების წარმართვის მიზეზებზე უკეთესია ქართულ მხარეს კითხოთ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ გვაქვს მყარი საკონტრაქტო ვალდებულებები, რომლებიც სრულდება და შესრულდება სრული მოცულობით. გაზის ქართული ბაზარი წელიწადში მხოლოდ 8–10%-ით იზრდება და სოკარი ითვალისწინებს ამ ზრდას. თუ კომერციულ ბაზარზე გაზი არასაკმარისი იქნება, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს ეს მოცულობები, რამდენადაც დღეს ის უზრუნველყოფს კომერციულ ბაზარსაც. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. ჩვენს შორის არის მუდმივი დიალოგი და ჩვენ ვიცით, რა სურს ყველა მხარეს."- ამბობს მამედოვი.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ირანული გაზის სახელით ქვეყანას შესაძლოა რუსული გაზი მიაწოდოს. გოცირიძე ამბობს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მოსალოდნელია, რომ ირანმა სომხეთს გაზის მიწოდება გაუზარდოს, შედეგად კი საქართველომ რუსეთიდან მიიღოს ბუნებრივი აირი, რომელსაც ირანული ერქმევა.

"მთავრობამ შეიძლება ირანული შირმით გაზპრომი შემოიყვანოს. მას შემდეგ, რაც ირანულმა პრესამ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შინაარსი გამოაქვეყნა, მთავრობა იძულებული გახდა ეს ფაქტი დაედასტურებინა. გაზის შემოტანას სომხეთის გავლით აპირებენ. დღეს ამის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს. 
საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი აზერბაიჯანის გავლით ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ოციოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში ”აღადგინეს”. სწორედ ერთი თვე ყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება. ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. თეორიულად შეიძლება ამ გაზის მიერთება ჩრთილოეთ-სამხრეთის ( რუსეთ -საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. აქედან რუსული გაზი მიედინება სომხეთისაკენ და იქიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია. თუნდაც იმ შემთხვევაში, რუსული გაზისგან საერთოდ რომ დავაცარიელოთ. უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა."-ამბობს გოცირიძე.

ირანის ბუნებრივი აირის ექსპორტის კომპანიის თავმჯდომარე ალი რეზა ქემელი ამბობს, რომ საქართველოსა და ირანს შორის თხევადი ბუნებრივი აირით LNG-ით ვაჭრობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ქემელი ამბობს, რომ საქართველოსთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა 8-14 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

კომენტარები