თამბაქოს გაძვირება

სამინისტრო: ზოგიერთი სიგარეტის გაძვირება აქციზის ფასის ზრდას არ უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს. 

"ჩვენი აზრით, გაძვირება ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. კონკრეტულად, ფასმა მოიმატა კომპანია ომეგას შემოტანილ პროდუქციაზე - გაორმაგებულია პარლამენტის, მარლბოროს, ჩესტერფილდისა და ელ ემ-ის ფასები. რუსთავი ორის ცნობით, ომეგას დისტიბუტორებს სხვადასხვა მაღაზიაში თვეზე მეტია, არ მიუტანიათ თამბაქოს პროდუქცია. გავრცელებული ინფორმაციით, ფასების ზრდა სწორედ დეფიციტს უკავშირდება, თუმცა, ომეგა 2-ში ამ თემაზე განმარტებებს არ აკეთებენ. კომპანიაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებენ. 

სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზარდა. აქციზის ფასმა ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 20 თეთრით, უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 5 თეთრით, ერთ ღერ სიგარაზე - 40 თეთრით, სიგარილებზე (20 ღერი) - 50 თეთრით, ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე (1 კგ-ზე) - 5 ლარით მოიმატა. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა. აქციზის გაძვირება მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

კომენტარები