საჯარო ფინანსები

აუდიტი: 2013-2014 წლებში შსს-მ სასტუმროებსა და რესტორნებში 2.9 მილიონი დახარჯა

Jimmy Wan's Restaurant

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2013 - 2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმომადგენლობით ხარჯებზე, კონკრეტულად კი სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე 2.9 მილიონი ლარი დახარჯა.

აუდიტის სამსახურს დასკვნაში სარესტორნო მომსახურების გაწევის კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს, თუმცა იმ პირთა ვინაობა ვინც გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე ამ მომსახურებებით ისარგებლეს დაუდგენელია. 

"2014 წლის 30 მაისს ბათუმში პოლიციელის დღის აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ვახშამი მოწვეული სტუმრებისთვის სასტუმრო შერატონში 400 პერსონაზე, რისთვისაც გადახდილია 55.6 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, არ ფიქსირდება თუ ვინ და რამდენი პირი იმყოფებოდა სტუმრის რანგში.

2013 წლის 2 იანვარს რესტორან „სენატში"გაიმართა ვახშამი, რისთვისაც შპს "სენატისთვის" გადახდილია15.ათასი ლარი(ა/ეა-05 8749671). წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. ანალოგიურად, 2013 წლის 19 აპრილს რესტორან 'სენატში" გაიმართა ვახშამი 50 კაცზე რისთვისაც სენატისთვის გადახდილია 9.8 ათასი ლარი. დაფიქსირებული არ არის სტუმრების ვინაობა და ხარჯის გაწევის აუცილებლობა.

2013 წლის 1 აგვისტოს რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართა ვახშამი აზერბაიჯანელი სტუმრებისთვის, რისთვისაც გადახდილია 22.9 ათასი ლარი. უცნობია თუ რამდენი პირი ესწრებოდა ვახშამს და მათ შორის რამდენი იყო სტუმარი. იმავე დღეს რესტორან ''კოპალაში" გაიმართა ვახშამი ასევე აზერბაიჯანელი სტუმრების საპატივცემულოდ, რისთვისაც შპს „კოპალასთვის" გადახდილია 9.7 ათასი ლარი მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, რომ ვახშამი გაიმართა 45 პირზე. დაფიქსირებული არ არის თუ რამდენი იყო სტუმარი." - წერია აუდიტის ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ბიუჯეტიდან გადახდილმა სარესტორნო და სასასტუმრო მომსახურებაში სულ 20 მილიონი ლარი დახარჯა.

კომენტარები