პენსიების გაზრდის მოთხოვნა

ბაქრაძე: მიუღებელია, რომ დანამატებისთვის ფული არსებობს და პენსიებისთვის არა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ 2016 წელს წელს პენსიები 50 ლარით უნდა გაიზარდოს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ამის რესურსი არსებობს იმ დანამატებსა და პრემიებში, რომელსაც მთავრობა იღებს. 

ბაქრაძემ ეს განცხადება გორში გააკეთა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლებიც, მისი თქმით, პენსიის 50 ლარით გაზრდის საშუალებას იძლევა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია 2016 წელს ქვეყანაში პენსიები გაიზარდოს 50 ლარით და ეს ზრდა შეეხოს თითოეულ პენსიონერს. ამის რესურსი არსებობს იმ გაზრდილი დანამატებიდან, პრემიებიდან და ხელფასებიდან, რომელსაც იღებს დღევანდელი ხელისუფლება. სწორედ ეს არის ის რესურსი, საიდანაც უნდა დაფინანსდეს პენსიები და ჩვენთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ თურმე არსებობს ფული დამანამატებისთვის და არ არსებობს პენსიებისთვის. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ 2016 წელს თითოეული პენსიონერის პენსია გაიზარდოს 50 ლარით" - განაცხადა ბაქრაძემ.

ენმ-ის ინფორმაციით, პენსიების მატებასთან დაკავშირების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

 

კომენტარები