საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია

ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის კორექტირების პროექტი IMF-ის მისიას გააცნო

mof.ge

მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის მეორე კორექტირებას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხადურმა დღესვე კორექტირების პროექტი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას გააცნო. 

ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილს, რომელიც წელს 120 მილიონი ლარით გაიზრდება, ასევე 283 მილიონით შემცირდება შიდა ვალის აღება. გეგმის მიხედვით, გაიზრდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტი 96 მილიონი ლარით ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას მოხმარდება, რომლისთვის გამოყოფილი 484 მილიონი ლარი უკვე პრაქტიკულად ამოწურულია. 

შეხვედრაზე განიხილეს 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, აგრეთვე ის ცვლილებები, რომელიც შედის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს. 

"მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს გარკვეული სტანდარტების შესაბამისი, რაც ასევე არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში მიღწეული და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებენ ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

2015 წლის ბიუჯეტის პირველი კორექტირება მთავრობამ მეორე კვარტლის ბოლოს მოახდინა. პირველი კორექტირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5%-დან 2%-მდე შემცირება იყო.

წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომისტები მთავრობას მიუთითებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, რის გამოც მთავრობას მისი ზრდა მოუწევდა. საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც საუბრობდა, მისი თქმით, მთავრობას ამ პროგრამის შენარჩუნებისთვის წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 94 მილიონი ლარის დამატება მიანც მოუწევდა. 

კომენტარები