თამარ ქალდანმა სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. თამარ ქალდანის განმარტებით, შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა სატელეფონო საუბრების ჩაწერის ნებართვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებები კანონიერად ჩატარდა თუ არა.

"ასეთი ტიპის განცხადებებზე ჩვენ გვაქვს კანონისმიერი ვალდებულება, მოვახდინოთ რეაგირება. გუშინ ამ ჩანაწერების გავრცელებიდან მყისიერად დავიწყეთ საკითხის შესწავლა. რაში გამოიხატება ჩვენი მხრიდან საკითხის შესწავლა - ეს არის ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მოკვლევა, არსებობდა თუ არა სასამართლო გადაწყვეტილება ამ საკითხზე, თუ არსებობდა - რა ფარგლები იყო განსაზღვრული, და აღსრულდა თუ არა გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს სასამართლომ განსაზღვრა", - თქვა ქალდანმა.

მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა. ამის საფუძველზე, დღეს, 13:00-დან, დაკითხვაზე იმყოფებიან გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აგრძელებს. გამოძიება სუს-მა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე 24 ოქტომბერს დაიწყო. სსკ-ის 315-ე მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები