მედიის დარბევა თურქეთში

თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური მედიასაშუალებები დაარბია

REUTERS/MURAD SEZER

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დღეს თურქულმა პოლიციამ ოპოზიციური მედიის ოფისები დაარბია. კერძოდ, ტელოკომპანია Kanalturk-ისა და Bugun TV-ს, ასევე ორი ბეჭდური გამოცემის ოფისი. დარბეული მედიასაშუალებები Koza Ipek Holding-ს ეკუთვნის, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერის, ისლამის მქადაგებლის ფეითჰულა გიულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამასთანავე, ხელისუფლებამ Koza Ipek Holding-ში შემავალი 22 კომპანიის მმართველობა ჩაიბარა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, პოლიციელებმა ამ კომპანიებში და ჰოლდინგის მფლობელის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

თავის მხრივ, თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ჰოლდინგი ამერიკაში მცხოვრებ ფეითჰულა გიულენის მხრიდან ფინანსდებოდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი გიულენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

კომპანია ბრალდებებს უარყოფს. გიულენის სახელთან დაკავშირებული გაზეთის, Zaman-ის მთავარი რედაქტორი აბდულჰატიმ ბილიჩი Reuters TV-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედება მედიის წინააღდეგ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და თავისუფალ სიტყვის არსებობას.

თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირიც ეხმაურება და ოფიციალურ ანკარას სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 1 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები