აშშ-ის თავდაცვა

ბარაკ ობამამ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო

REUTERS/Kevin Lamarque

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რესპუბლიკელების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, თავდაცვის ბიუჯეტის $612 მილიარდმდე გაზრდის შესახებ, ვეტო დაადო. ობამამ აღნიშნა, რომ რესპუბლიკელთა გაგზავნილი დოკუმენტი ითვალისწინებს გადაჭარბებულ დანახარჯებს ნაკლებად მნიშვნელოვან პროექტებზე და ასევე აფერხებს გუანტანამოს ციხის დახურვის საქმეს.

ობამას აზრით, დოკუმენტი არმიის მოდერნიზებისთვის აუცილებელ რეფორმებსაც შეაფერხებს. ვეტოს გამო, ამერიკის კონგრესს დოკუმენტის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მათ ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმების მოგროვება არ შეუძლიათ. წარმომადგენელთა პალატის
რესპუბლიკელმა სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ ობამა უპირატესობას შიდა პოლიტიკას ანიჭებს და ამით შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე. სენატორმა ჯონ მაკკეინმა კი ობამას საქციელს მცდარი, ცინიკური და აშკარად სახიფათო უწოდა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა კანონპროექტი $612 მილიარდიდან $300 მილიონიან დახმარებას უკრაინისთვისაც ითვალისწინებდა.

კომენტარები