Socar-ი კალაძის განცხადებას უარყოფს

მაჰირ მამედოვი

Socar Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანს საქართველოს მოსახლოების ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფა შეუძლია."აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდებას." ამბობს მამედოვი. მამედოვის კომენტარი აზერბაიჯანულმა 1News.az-მა გაავრცელა. 

კახა კალაძემ კი Gazprom-თან მოლაპარაკებების მთავარ მიზეზეად სწორედ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის გარკვეულ მოცულობებზე წარმოქმნილი პრობლემები დაასახელა. კალაძე ამბობს, რომ შაჰ-დენიზის მილსადენის მეორე ეტაპის ამოქედებამდე ქვეყანაში ბუნებრივი აირის მიმართულებით გარკვეული პრობლემები იარსებებს.

"ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს 2019 წლამდე, სანამ შემოვა შაჰ-დენიზის მეორე ფაზა. თქვენ ხედავთ, თუ როგორ იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება და ის მოცულობა, რასაც ვიღებთ შაჰ-დენიზის პირველი პროექტისგან, ეს არის საერთო მოხმარების დაახლოებით 35%-40% და არა მეტი. მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი მოცულობები", - ამბობს კალაძე. 

კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ამ დამატებითი მოცულობების აზერბაიჯანული მხრიდან მიღება, კალაძე ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა არც ახლანდელ და არც წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. მთავრობა Gazprom-თან მოლაპარაკებებს აგრძელებს, მოლაპარაკებების შედეგები დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი იქამდე კი კახა კალაძე ვერც შესასყიდი რუსული გაზის მოცულობას და ვერც მის ფასს ვერ აკონკრეტებს. კახა კალაძემ Gazprom-ს გენერალურ დირექტორთან ალექსეი მილერთან შეხვედრა 25 სექტემბერს გამართა. კალაძე შეხვედრასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მასზე ორი საკითხი განიხილებოდა:

1) სომხეთში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას, რაც ქვეყანაში ახალი თბოსადგურების მშენებლობით იყო გამოწვეული და რის გამოც ტრანზიტული აირის მოცულობა და, შესაბამისად, საქართველოს მიერ მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა გაიზრდებოდა. მაგისტრალური გაზსადენის ტრანსპორტირების საფასურს ბუნებრივი აირის 10% წარმოადგენს, რაც საქართველოში რჩება.

2) საქართველოს კომერციული კომპანიებისთვის Gazprom-ის მიერ დამატებითი ბუნებრივი აირის მოწოდებას. კალაძე ამბობს, რომ კომერციული კომპანიებისთვის ბუნებრივი აირი საკმაოდ ძვირი ღირს და თუკი რუსული მხარე კომპანიებს კომერციულად მომგებიან ფასად შესთავაზებს, ეს მისასალმებელი იქნება. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ რა იქნება რუსული გაზის საფასური და რომელი კომპანიები შეიძენენ მას. 

კალაძე რუსული გაზის პოტენციურ მომხმარებლებად მიიჩნევს კომერციულ კომპანიებს, მათ შორის - გაზგასამართ სადგურებს. 

კომენტარები