საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობა

ყაზტრანსგაზის თემაზე ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივი ჯგუფი შეიქმნება

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა ყაზახ კოლეგასთან გამართა. შეხვედრაზე ყაზახურ კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული დავაც განიხილეს. ერბოლატ დოსაევი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ქართული მხარე ყაზახეთში გამართავს ვიზიტს.

"ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. შევთანხმდით, რომ ორივე მხარეს შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ქართული მხარის ვიზიტი ყაზახეთში. გვინდა, ამ მოლაპარაკებებს წლის ბოლომდე დადებითი შედეგები მოჰყვეს", -თქვა დოსაევმა.

ყაზტრანსგაზს 2006-2009 წლებში საქართველოს მთავრობის წინაშე 80-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც 2009 წლიდან ყაზტრანსგაზ თბილისის ოპერირებას ყაზახური მხარე აღარ ახორციელებს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იყო გეგმა, რომ კომპანია კვლავ ყაზახურ მენეჯმენტს დაბრუნებოდა, კომპანიის ვალი კი საქართველოს მიმართ ყაზახეთის სუვერენულ ვალში გაქვითულიყო, თუმცა, საბოლოოდ ასე არ მოხდა. დღეისთვის კომპანია ინვესტიციებისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. 

კომენტარები