თავდაცვის სამინისტროს ცვლილებები

სამინისტრო: აზარტული თამაშებით დაკავებული პირი უწყებიდან გათავისუფლდება

Facebook.com

თავდაცვის სამინისტრომ სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით ახალი ინიციატივა შეიმუშავა. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სამინისტროში დასაქმებული სამხედრო თუ სამოქალაქო პირები, აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლდებიან. მისივე თქმით, ჯარში თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად სწორედ აზარტული თამაშებით გამოწვეული ფინანსური დავალიანებაა. ხიდაშელისვე ინფორმაციით, კონტროლი გამკაცრდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზეც.

"ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვიკვლიეთ, ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ აქვთ ვალები ამ ადამიანებს. ისინი, მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში - იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, რომელიც შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, პირველივე შემთხვევაზე გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან", - თქვა ხიდაშელმა.

მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის ცნობით კი, სამინისტროში იურიდიული დახმარების ცენტრი შეიქმნება, რომელიც უწყების თანამშრომლებს "ცნობიერების ამაღლებას გაუწევს".

"შევქმნით იურიდიული დახმარების ცენტრს, სადაც იქნებიან გამოყოფილი ადამიანები, როგორც მინიმუმ ორი კონსულტანტი, ფინანსური და იურიდიული. ისინი მოემსახურებიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და გაუწევენ მათ, უბრალოდ, ცნობიერების ამაღლებას. რომ არ ჩაიგდონ თავი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში", - თქვა დოლიძემ.

კომენტარები