რეკლამა

tERminal 19 სექტემბერს Apparat-ის ახალ პროექტს უმასპინძლებს

APPARAT

19 სექტემებერს tERminal თავის მორიგ ღონისძიებაზე გერმანელი მუსიკოსის, Apparat-ის ახალ პროექტს, Sountracks Live-ს უმსაპინძლებს. ღონისძიება ახმეტელის 10 ნომერში, კინოსტუდიის მე-5 პავილიონში გაიმართება და Apparat-თან ერთად The Forest, Nikakoi & Natalie Beridze TBA დაუკრავენ.

Apparat გერმანელი მუსიკოსის საშა რინგის პროექტია, რომელიც 90-იანი წლებიდან ქმნის მუსიკას. 2001 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი Multifunktionsebene, რომელსაც კიდევ 6 სტუდიური ალბომი მოჰყვა. 2003 და 2006 წლებში საშა რინგმა ითანამშრომლა ცნობილ გერმანელ მუსიკოსთან, ელენ ალიენთან, ალბომებისთვის Berlinette და Orchestra of Bubbles. პარალელურად იგი აკეთებდა კოლაბორაციულ პროექტებს Modeselektor-თან. მათი თანამშრომლობის შედეგია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ პროექტი Moderat, რომელიც უკვე ორ ალბომს და უამრავ ლაივ კონცერტს ითვლის. 2009 წელს ყველაზე პოპულარულმა ელექტრონული მუსიკის ვებ ჟურნალმა Resident Advisor-მა Moderat წლის საუკეთესო ლაივ აქტად დაასახელა, ამ სიაში ეს პროექტი მომდევნო წელსაც მოხვდა. Moderat-ის ყველაზე წარმატებული ალბომი Moderat II 2013 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც საშა რინგი თავის სოლო პროექტებს მიუბრუნდა. ამავე წელს გერმანელმა დრამატურგმა Sebastian Hartmann-მა მას ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის" მიხედვით შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური მხარე ჩააბარა, რისი შედეგიცაა ალბომი Krieg und Frieden (Music for Theatre). სწორედ ამ ალბომს დაეფუძნა Apparat-ის უახლესი ტურნე, რომელიც აგვისტოში იწყება და რომლის ქართული დებიუტიც 19 სექტემბერს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ Apparat-ს ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, უნდა ითქვას, რომ Soundtrack Live სრულიად ახალი პროექტია, რომლის ტურნეც ბენდთან ერთად დაიგეგმა. Soundtrack Live-ს მხარდამჭერია გერმანული ვიზუალ არტისტების პროექტი Transforma, რომელთაც Apparat-ის გარდა უთანამშრომლიათ Depeche Mode-ს Martin Gore-თან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან.

როგორც უკვე აღინიშნა მსმენელის განწყობაზე ასევე იზრუნებენ Nikakoi & Natalie Beridze TBA და The Forest. ნიკა მაჩაიძის და ტუსია ბერიძის ამ პროექტს მსმენელი კარგად იცნობს, რადგან ეს არტისტები ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერები არიან, ხოლო ბაჩი თომაძის ჰაუს პროექტი The Forest უკვე რამდენიმე წელია აქტიურად გამოსცემს რელიზებს სხვადასხვა საინტერესო ლეიბლებზე.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ პლატფორმაზე www.eventer.ge . ბილეთის ფასი ჯერჯერობით 20 ლარია, თუმცა პირველი სექტემბრიდან იგი 30 ლარამდე გაიზრდება და ამავე ფასად გაიყიდება ღონისძიების დღესაც, კარზე.

კომენტარები