Stop Russia

პოლიცია STOP RUSSIA-ს ორგანიზატორებს კანცელარიასთან სცენას არ ადგმევინებს

18 ივლისს კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია STOP RUSSIA-ს ორგანიზატორებს პოლიცია სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს და ნებართვას სთხოვს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვერ ასახელებენ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. მათ აქციის ორგანიზატორებს სთხოვეს, რომ შინაგან საქმეთა პრესსამსახურს მიმართონ. ტაბულა ესაუბრა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს ნინო გიორგობიანს, რომლისგანაც, მიუხედავად დაპირებისა, პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

აქციის ორგანიზატორებმა, კანონდებლობის შესაბამისად, უკვე გააფრთხილეს წერილით ქალაქის მერია აქციის შესახებ. მის გამართვასთან ან რამე ტექნიკური საშუალების, მათ შორის სცენის, გამოყენებასთან დაკავშირებით ნებართვის საჭიროებას საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისწინებს.

აქცია 18:00 საათზე იგეგმება მთავრობის კანცელარიასთან. მისი მოთხოვნებია: 1. შეწყვიტოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან პირისპირ საუბარი. 2. ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით. 3. პარლამენტმა მიიღოს კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ

"რუსეთი ჩვენი ქვეყნის დაპყრობას აგრძელებს როგორც ხისტი, ისე რბილი ძალის მეშვეობით. ახალ-ახალ ტერიტორიებს ვკარგავთ. პუტინის ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი რიტორიკა კი, უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ამ დროს, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ "განსაკუთრებული არაფერი ხდება". იმისთვის, რომ მმართველ ძალას საქართველოს ხელახალი გასაბჭოების პროცესის განსაკუთრებული მიუღებლობა შევაგნებინოთ, შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შაბათს, 18 ივლისს, 18:00 საათზე", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციას უერთდებიან ტაბულა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, რუსთავი 2, თავისუფლების ინსტიტუტი, ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, ჩვენი თავისუფლება.

კომენტარები