ნავთობკომპანიების დაჯარიმება

ასლი: ნავთობკომპანიების დაჯარიმება მათი დაშინების მცდელობაა

Facebook/Fady Asly

ნავთობკომპანიების დაჯარიმება მათი დაშინების მცდელობაა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში განაცხადა. 

ფადი ასლის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო პრემიერმინისტრო ღარიბაშვილო

გუშინ თქვენმა კონკურენციის სააგენტომ ნავთობის დისტრიბუტორ რამდენიმე კომპანიას ჯარიმები დააკისრა, თქვენ განაცხადეთ, რომ ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

მსურს გაცნობოთ, რომ ყველასთვის კარგად ცნობილი ნავთობკომპანიები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, საერთაშორისო სავაჭრო პალატაში მაღალ პოზიციაზე იმყოფებიან, თქვენი შემოსავლების სამსახური კი თვეების განმავლობაში აწუხებდა მათ და უსაფუძვლოდ რამდენიმე კვირის წინ 40 მილიონი ლარით დააჯარიმა. თქვენმა კონკურენციის სააგენტომ კი ისინი დამატებით, ყალბი არგუმენტებით, 11 მილიონი ლარით დააჯარიმა.

რამდენიმე თვის წინ, რკინიგზის მონოპოლისტმა კომპანიამ, რომელსაც თქვენი მთავრობა მართავს, ამ კომპანიას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცალმხრივად გაუზარდა სომხეთში გადაზიდვის ტარიფი. პერსპექტივაში თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ კომპანიას ერევნისკენ ერთი კილომეტრი ხუთჯერ ძვირი უჯდება, ვიდრე ბაქოსკენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კომპანიის წინააღმდეგ ჯარიმები, რომელმაც ამ თვეს 51 მილიონი ლარი შეადგინა, ეკვივალენტურია მათი 25 წლის სუფთა მოგების.

არ სჭირდება გენიოსობა იმ დასკვნამდე მისვლას, რომ ეს არის მცდელობა, ძალის გამოყენებით დააშინონ აქციონერები, ასე ისინი გაყიდიან საკუთარ აქტივებს და მიყიდიან ხალხს, რომელიც თქვენ პარტიასთან ახლოსაა.

17 წელია საქართველოში უდიდესი ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელი ვარ და ენდეთ ჩემს გამოცდილებას - მსგავსი სცენარი არაერთხელ მინახავს.

რა თქმა უნდა, კომპანიას შეუძლია სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, ეს რითაც დასრულდება!

მე თქვენთან ორი შეკითხვა მაქვს:

1 - ეს არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჯანსაღი კონკურენცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

2 - თქვენ და თქვენი მთავრობა ამბობთ, რომ ბიზნესი თავისუფალია, ეს არის ის თავისუფლება, რომელზეც საუბრობთ?" - წერს ასლი.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასკვნა 15 ივლისს გაასაჯაროვა. სააგენტო პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთამაშის დაჯარიმებას ჯამში 55 მილიონი ლარით გეგმავს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს ანგარიში 1100 გვერდს აჭარბებს, თუმცა ამ დროისთვის იგი საჯარო არ არის. ანგარიშის ტექსტის ნაწილი საჯარო არ იქნება, რადაგანაც ის კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს. სააგენტომ ყველაზე დიდი, 14-მილიონიანი ჯარიმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს დააკისრა.

დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

სოკარი 14.4 მილიონი

გალფი 11.2 მილიონი

რომპეტროლი 10.9 მილიონი

ვისოლი 10.4 მილიონი

ლუკოილი 4.7 მილიონი.

 

კომენტარები