მცოცავი ანექსი

მცოცავ ანექსიაზე ენმ-ის რეზოლუციას პარლამენტში ამ კვირაში არ განიხილავენ

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მცოცავ ანექსიაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიმდინარე კვირის დღის წესრიგში არ იქნება და მას მომდევნო კვირის სამშაბათიდან კომიტეტებში განიხილავენ. დღეს კი სესიაზე მეორე მოსმენით გავა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონპროექტი.

ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია ენმ-ის წევრებმა გუშინ წარადგინეს:

"1. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის შემდგომ გადმოტანას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში;

2. ვინაიდან 10-11 ივლისს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის 1 800-მეტრიანი მონაკვეთი და პოტენციური საფრთხე შეექმნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს;
3. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს 1991 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებას და უკანასკნელ ხანს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;
4. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას და რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროში მოქცევას; 
5. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი: 

გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას - საოკუპაციო ხაზის მორიგ გადმოწევას.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

1. მოახდინოს ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე კონტაქტების გზით;
2. მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა; 
3. მიმართოს ყველა ზომას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია; 
4. რეგულარულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტები; 
5. აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი; 
6. გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი და მოახდინოს ყურადღების მთელი კონცენტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატზე, სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობს ევროკავშირი და აშშ; 
7. აამუშაოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული; 
8. საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით, გაააქტიუროს საერთაშორისო მედიასთან მუშაობა; 
9. გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთიანი დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების და მისი კოორდინირებულად განხორციელების მიზნით", - წერია რეზოლუციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები