10, 11 და 12 ივლისს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სამდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი SUMMER SET უკვე მეოთხედ გაიმართება. ფესტივალი 12 უცხოელ და 23 ქართველ არტისტს გააერთიანებს.
SUMMER SET-ზე წელს ორი სცენა ნონ-სტოპის რეჟიმში იმუშავებს: ღია ცის ქვეშ მოწყობილი დღის და ძველი მანეჟის შენობაში - ღამის. ღია ცის ქვეშ გამართულ დღის სცენაზე მომხდარ ნებისმიერ აქტივობაზე დასწრება უფასო იქნება.
SUMMER SET-ის წლევანდელი ჰედლაინერები მსოფლიო ტექნო სცენის გამორჩეულ სახელებთან ერთად არიან არტისტები, რომელთა შემოქმედება კლასიკურ მუსიკაზე დაყრდნობით იქმნება და ექსპერიმენტული ჟანრისაა: 21-ე საუკუნის ბეთჰოვენად აღიარებული Nils Frahm როიალით წარდგება მსმენელის წინაშე, ბაფტას მფლობელი ისლანდიელი Ólafur Arnalds-ის ელექტრონული პროექტი Kiasmos, რომლის საფუძველიც ასევე კლასიკური მუსიკა გახლავთ. ჯაზითა და დეტროიტის ტექნოთი ინსპირირებული Agoria, ბოლო დროის ყველაზე აქტუალური Joachim Pastor და სხვადასხვა ჟანრების ყველაზე გამორჩეული არტისტები.
SUMMER SET-ის ტერიტორიაზე სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილ გარემოში პერფორმანსების გარდა შედგება ვორქშოპები, რომელსაც კომპოზიტორი Ólafur Arnalds, hm.–ის მუსიკოსები Worakls, N'to, Joachim Pastor და ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი ნიკა მაჩაიძე გამართავენ. ეს საშუალებას მისცემს ლოკალურ და საერთაშორისო არტისტებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
SUMMER SET-ის ფარგლებში მოხდება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის "FabLab Iliauni" სტუდენტების ახალ ტექნოლოგიებზე შექმნილი ინსტალაციებისა და აქსესუარების გამოფენა.
SUMMER SET 2015-ში ასევე ჩართული არიან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ Olafur Arnalds-ს საღამო მიუძღვნეს, უკვე 10 ივლისს კი სტუდენტებისგან შემდგარი პროექტი TedArt საყვარელი არტისტის წინაშე წარდგება, პერფორმანსის შემდეგ კი მისგან რჩევებს მიიღებს.
SUMMER SET-ის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ტოლერანტულობის, თანასწორობის შეგრძნების გაღვივება. ფესტივალის ტერიტორია მთლიანად იქნება ადაპტირებული, რაც ნებისმიერ სტუმარს მისცემს საშუალებას შეზღუდვებისა და ბარიერების გარეშე გაერთოს. ფესტივალის ინკლუზიური ნაწილი მოიცავს შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების, ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, ფესტივალის ჰედლაინერების მიერ ჩატარეულ ვორქშოპებში მათ ჩართულობას და ა.შ. შესაძლებლობები ხომ შეუზღუდავია.
SUMMER SET 10 ივლისს დღის 4:00 საათიდან დაიწყება და 13 ივლისის ღამეს დასრულდება.
დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე Tbilisi Summer Set ან ღონისძიების გვერდზე.






