რეკლამა

ფრესკოს დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება

ფრესკო

(R)

ფრესკოს დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ღია წერილი შპს გაზეთები ალია და კვირის ქრონიკა დირექტორს გიორგი ბრეგვაძეს და ჟურნალისტს გელა ზედელაშვილს

გიორგი და გელა!

გაზეთ კვირის ქრონიკის 2015 წლის #21 და #25 ნომრებში, როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე, ჩემზე და ფრესკოზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნეთ, რომლის მიზანიცაა იმ შეკვეთილი შავი პიარის გაგრძელება, რომელმაც თქვენი და თქვენი დამკვეთის აზრით, უნდა გაანადგუროს ფრესკო, როგორც ბიზნესი და მაიძულოს მე, დავტოვო საქართველო.

ვიღებ გამოწვევას და თქვენთვის გასაგებ ენაზე გეუბნებით: მკიდიხართ!

საზოგადოებას და განსაკუთრებით ჟურნალისტებს წინასწარ ვუხდი ბოდიშს ამ სიტყვისთვის. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ გათავხედებულ, დაუსჯელობის სინდრომით (ან ვიღაცის მფარველობით) შეპყრობილ ორ ვითომდა ჟურნალისტს, რომლებიც არცხვენენ ამ საამაყო სახელსა  და პროფესიას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან სასამართლო პროცესი წააგეთ თქვენი აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ფაქტების გამო და კიდევ რამდენიმე სასამართლო პროცესი გელით წინ, მაინც ვერ ისვენებთ და ჩვეული სიჯიუტით აგრძელებთ აბსოლუტური პასკვილების წერას, რომლის რესპონდენტების უმეტესობა ან ფრესკოდან დათხოვილი თანამშრომლების ნათესავები ან ფრესკოდან უარით გაშვებული მომწოდებლები არიან - ზუსტად მათი პროდუქციის უხარისხობის გამო. თან ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ თქვენ, გიორგი და გელა, მე ბიზნესმენს, მასწავლით  მარკეტინგის და ფასწარმოქმნის პრინციპებს და თანაც ისეთი შეუვალი ტონით, რომ მგონია, მალე სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოსაც გამოსცემთ ამ თემაზე.

გიორგი და გელა!

ბევრს არ გწერთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაიგებთ, მაგრამ ჩემი სახელი და მამის სახელი მაინც წერეთ სწორად, რა ვერ დაიმახსოვრეთ ამდენ ხანს, რომ მე „ბატონი ვასილ იმანოვიჩი“ კი არა „ბატონი ვასილ პლატონოვიჩი ვარ“ და გარდა ამისა, ძალიან გთხოვთ, თუ ასე არ მოგწოთ ჩემი ქსელი, არ იაროთ ფრესკოში პროდუქტების შესაძენად, თორემ იძულებული ვიქნები, ეს კადრებიც დავდო ფრესკოს ფეისბუქის გვერდზე.

ასევე მინდა შეგატყობინოთ, რომ უახლოეს თვეებში, ფრესკოს კიდევ ორი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნება ისანსა და გლდანში, რომელიც დაასაქმებს 460 ადამიანს და ბიუჯეტში მილიონობით ლარს შეიტანს ყოველწლიურად. პარალელურად მიმდინარეობს ახალი მიწების მოძიება შემდგომი განვითარებისთვის

P.S. როდესაც ამ წერილს გწერდით, ფრესკოს საგადასახადო შემოწმების აქტი მოვიდა ფინანსთა სამინისტროდან. ჯერ ვიფიქრე, რომ თქვენთვის მისი ქსეროასლი გამომეგზავნა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე - შეიძლება, ცუდად გახდეთ და მთლად ასეც არ მემეტებით.

P.P.S. მიუხედავად ყოველივე ამისა, ფრესკოს გუნდი ყოველთვის მზადაა და მადლობელია ჯანსაღი დასაბუთებული კრიტიკისთვის, მათ შორის თქვენგანაც, რომელიც გვეხმარება მუშაობაში და მიმართულია მომხმარებლების, ფრესკოს თანამშრომლების და ჩვენი საყვარელი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თქვენი ვასილ სოფრომაძე

 

კომენტარები