UEFA-ს სუპერთასი

ფეხბურთის ფედერაცია: გაფრთხილებთ, ბილეთები სხვა ვებგვერდებზე არ შეიძინოთ

სფფ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს აფრთხილებს, არ შეიძინონ არცერთ სხვა საიტზე ბილეთები, გარდა საიტისა - www.biletebi.ge.

"მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.

www.biletebi.ge ინფორმაციით, საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება", - აცხადებს სფფ.

UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს მომხმარებლები Biletebi.ge-ზე დილიდან ვერ ყიდულობენ. როგორც Biletebi.ge-ს ფეისბუქზე წერია, "საიტზე მიმდინარეობს შეტევა. ვმუშაობთ გასანეიტრალებლად. ბილეთები ამჟამად არ იყიდება".

biletebi.ge-ს წარმომადგენლის განცხადებით, საიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ამიტომაც დროებით გათიშულია. 

ბილეთების გაყიდვა აღნიშნულ საიტზე დღეს დილით, 09:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. როგორც ცნობილია, გაიყიდება 30 000-მდე ბილეთი (75 ლარი - კატეგორია 1; 35 ლარი - კატეგორია 2; 18 ლარი - კატეგორია 3).

ამასთან, რამდენიმე საიტზე ბილეთები იყიდება, თუმცა, ფასები 200 ევროდან იწყება.

11 აგვისტოს, თბილისში დინამო არენაზე 22:45 საათზე ბარსელონა სევილიას დაუპირისპირდება.

 

კომენტარები