ე.წ. კაბელების საქმე

სამუშია: ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოვითხოვთ

"კვირას" პრესკლუბი

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის ლევან სამუშიას ინფორმაციით, დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს. როგორც ცნობილია, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. უწყებამ დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმება და გირაოს შეფარდება მოითხოვა.

"ბრალდების ეს პოზიცია განპირობებულია იმით, რომ მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ. დაცვის მხარე ხვალ სასამართლო პროცესზე მოითხოვს, ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე იყვნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები დატოვებული და არცერთი სახით აღკვეთის ღონისძიება არ დარჩეს ძალაში. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დადასტურდება. რასაც ამ პერიოდში ვიძახდით - ადვოკატები, ბრალდებულების ოჯახის წევრები და საზოგადოების ნაწილი - რომ ეს ხალხი არის უდანაშაულო, ფართო საზოგადოება ამაში ძალიან მალე დარწმუნდება", - თქვა ლევან სამუშიამ.

პროკურატურა შუამდგომლობის მიზეზად პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვას და წინასასამართლო განხილვების გაჭიანურებას ასახელებს.

"2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე (პირველი წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2015 წლის 01 აპრილს), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში; ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები; ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო ამ ეტაპისთვის ერთადერთი სამართლებრივად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება და მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ხსენებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 19 ივნისს 11:00-ზე გაიმართება. სწორედ იქ განიხილება ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

კომენტარები