FIFA-ს საქმე

FIFA-ს პრეზიდენტი ზეფ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა

FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში
ალექსეი ნიკოლსკი / REUTERS

FIFA-ს პრეზიდენტი ზეფ ბლატერი, მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს, ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრესკონფერენციაზე ბლატერმა FIFA-ს მისი შემცვლელის რაც შეიძლება მალე ასარჩევად ახალი არჩევნების დანიშვნა სთხოვა. FIFA-ს შემდეგი კონგრესი 2016 წლის მაისშია დაგეგმილი, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, FIFA-ს არსებულ სიტუაციაში არ შეუძლია ამდენ ხანს ელოდოს ახალ ხელმძღვანელს. ბლატერმა ასევე განაცხადა, რომ FIFA-ს ახალი და ფუნდამენტური რესტრუქტურიზება სჭრდება.

„მე ვაფასებ და მიყვარს ფიფა ყველაზე მეტად და მისთვის მინდა მხოლოდ კარგი", - განაცხადა მან. 79 წლის ბლატერი FIFA-ში 1975 წლიდან მუშაობდა, ის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან იკავებდა

წინა თვეს, შვეიცარიაში კორუფციის ბრალდებით FIFA-ს მაღალი თანამდებობის ექვსი პირი დააკავეს, რომელთა გადაცემას ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს. ისინი ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში, FIFA-ს ყოველწლიური ყრილობის წინ დააპატიმრეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ ბრალი უკანონო თანხების ლეგალიზებაში, გამოძალვასა და თაღლითობაში ედებათ.

რუსეთის პრეზიდენტმა ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებით აღშფოთება გამოთქვა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს დაკავებები უცნაურია, რადგან დაპატიმრებული პირები არ არიან ამერიკის მოქალაქეები და საქმეს შეერთებულ შტატებთან შეხება არ აქვს. პუტინის აზრით, ეს არის ვაშინგტონის მცდელობა, ფიფას პრეზიდენტად ზეფ ბლატერის ხელახლა არჩევა არ დაუშვას.

თავად ბლატერი კორუფციული სკანდალის შემდეგ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებდა და აცხადებდა, რომ ის თითოეული ინდივიდის ქმედებას ვერ გააკონტროლებდა.

 

კომენტარები