აშშ: ერაყელებს ბრძოლის სურვილი არ ჰქონდათ, ამიტომაც დაკარგეს ქალაქი რამადი

www.frontpagemag.com

ერაყის ჯარებს ბრძოლის სურვილი არ გამოუვლენიათ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ISIS-მა რამადი დაიკავა, - ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ ერაყის ქალაქის, რამადის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კარტერის თქმით, ერაყის ძალები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს რაოდენობით დიდად აღემატებოდნენ, თუმცა მათ გამარჯვება მაინც ვერ მოახერხეს. კარტერის შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ერაყელ სამხედროებს ბრძოლისა და თავდაცვის სურვილი არ გამოუვლენიათ.

"სინამდვილეში რაც მოხდა, არის ის, რომ ერაყელებს ბრძოლის სურვილი არ ჰქონდათ. რეალურად ისინი მეტნი იყვნენ, ვიდრე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, თუმცა ისინი მაინც დამარცხდნენ. ეს კი სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, რომელშიც ერაყელებს თავდაცვისა და მტრისთვის წინააღმდეგობის სურვილი უბრალოდ არ ჰქონდათ", - განაცხადა კარტერმა CNN-ის ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პროვინცია ანბარის ცენტრი, ბაღდადის დასავლეთით 112 კილომეტრში მდებარე ქალაქი რამადი დაიკავა. ეს ისლამისტების პირველი სამხედრო წარმატება გახდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ერაყის სამთავრობო ძალებმა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ტიკრიტი გაათავისუფლეს. 

კომენტარები